მესი სუარესს დაუკავშირდა — უცხადებს თუ არა ურუგვაის ნაკრები კოპა ამერიკას ბოიკოტს?
"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ლუის სუარესს ჰკითხა, აპირებს თუ არა ურუგვაი კოპა ამერიკაზე მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას, იუწყება ჟურნალისტი, სებას ჯოვანელი.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ტურნირს ბრაზილიის ნაკრებმა ბოიკოტი გამოუცხადა, 33 წლის არგენტინელი ყოფილ თანაგუნდელს დაუკავშირდა, რათა გაეგო, რას გეგმავს ურუგვაი შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით.
როგორც აღინიშნება, "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ლეოს განუცხადა, რომ ურუგვაის ნაკრები ტურნირის ჩაშლაში წამყვანი როლის შესრულებას არ აპირებს.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ბრაზილიელებს სხვა გუნდების ფეხბურთელებთანაც აქვთ კონტაქტი და ცდილობენ ტურნირის წინააღმდეგ ორგანიზებულად წავიდნენ.
თავდაპირველად, ტურნირისთვის კოლუმბიასა და არგენტინას უნდა ემასპინძლათ, მაგრამ კოლუმბიელებს ამის უფლება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ჩამოართვეს, ხოლო არგენტინელებს - მედიცინასთან დაკავშირებული ვითარების გამო.
მიუხედავად ამისა, არც ბრაზილიაშია სახარბიელო მდგომარეობა, ქვეყანაში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით.
ცნობისთვის, კოპა ამერიკამ სტარტი 11 ივნისს უნდა აიღოს და 10 ივლისს დასრულდეს.
კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა — ბრაზილიის ნაკრები ტურნირში მონაწილეობაზე უარს აცხადებს!