თუ ვეინალდუმი არა, აბა ვინ?! 3 თავისუფალი აგენტი, რომელსაც ბარსელონამ შესაძლოა ყურადღება მიაქციოს
როგორც იცით, ჯორჯინიო ვეინალდუმმა „ბარსელონასთან“ წინასწარი შეთანხმება დაარღვია და უკეთესი ხელფასის გამო, კარიერას „პსჟ-ში“ გააგრძელებს.
Marca კი ვარაუდობს, ვინ შეიძლება დაიმატოს „ბარსელონამ“ მის ნაცვლად, რომ ნახევარდაცვაც გადაახალისოს და დიდი ფულის დახარჯვაც არ მოუწიოს, როგორც ეს ვეინალდუმის შემთხვევაში იყო, რადგან ჰოლანდიელი თავისუფალი აგენტია.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ვარიანტი, რომელიც „ბარსელონამ“ შეიძლება გაითვალისწინოს და ფეხბურთელს ყურადღება მიაქციოს:
ჰაკან ჩალჰანოღლუ
ამ ზაფხულს, „ბარსამ“ შესაძლოა ყურადღება ამ თურქ ნახევარმცველზე გაამახვილოს. 27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი „მილანთან“ 30 ივნისს იწურება და ის ახლის გაფორმებას არ ჩქარობს. შესაბამისად, „კამპ ნოუზე“ გადაბარგება მისთვის სასიხარულო ამბავი იქნებოდა.
საინტერესოა, რომ ჩალჰანოღლუს ტრანსფერი ვიქტორ ფონტის ერთ-ერთი დაპირება იყო, მაგრამ მან საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას ვერ მოუგო.
ფერნანდინიო
ბრაზილიელის კარიერა „მან.სიტიში“ დასასრულს უახლოვდება და ნახევარმცველი „ეტიჰადს“ ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. სოლიდური ასაკის (36 წლის) მიუხედავად, ფერნანდინიო „ბარსელონას“ ნახევარდაცვას სტაბილურობას მოუტანდა და ზოგჯერ, სერხიო ბუსკეტსსაც მისცემდა დასვენების საშუალებას.
მუნდო ვასკესი
არგენტინელ ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი უმთავრდება და მისი წასვლაც პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. თუმცა, ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნება არ სურს და უფრო ევროპაში აპირებს დარჩენას. „კამპ ნოუზე“ გადასვლის შანსი მისთვის მოულოდნელი, მაგრამ საამაყო სიურპირზი იქნებოდა.