ავტორიზაცია

"მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ", - ინტერის გენ.დირექტორი ერიქსენზე

"მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ", - ინტერის გენ.დირექტორი ერიქსენზე
თარიღი 13 ივნ 2021, 10:36

„ინტერის“ გენ.დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, 29 წლის კრისტიან ერიქსენის კარიერის გაგრძელებაზე ისაუბრა.

ერიქსენი ფინეთთან მატჩის მსვლელობისას მოედანზე უგონოდ დაეცა და ექიმები მის გონზე მოყვანას რამდენიმე წუთის მანძილზე ცდილობდნენ. მოგვიანებით, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

„არც ისე დიდი ხნის წინ, კრისტიანი „ინტერის“ WhatsApp-ის ჩატში მოიწერა. მის მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ, ნაკრების თანამშრომლებმა გადმოგვცეს, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის.“ - ციტირებს მაროტას სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“.

გუშინ, საფეხბურთო (და არამარტო) მსოფლიო ერიქსენის ამბავმა შეძრა. საბედნიეროდ, ექიმების დროული ქმედების ხარჯზე ყველაფრის ნორმაში მოყვანა და ფეხბურთელის გადარჩენა მოხერხდა. 

მატჩი დანია - ფინეთი გუშინვე განახლდა და ფინელების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერიქსენის არყოფნაში, დანიელების მიერ მოპოვებული პენალტი ჰოიბერგმა შეასრულა და ვერ გამოიყენა.

VIDEO: კრისტიან! ერიქსენ! - დანიელები და ფინელები ერთად სკანდირებდნენ