ავტორიზაცია

საბოლოო თანხმობა მიღებულია — დეტალები, რომლებიც დეპაის ბარსაში პრაქტიკულად შემდგარ ტრანსფერზე უნდა იცოდეთ

საბოლოო თანხმობა მიღებულია — დეტალები, რომლებიც დეპაის ბარსაში პრაქტიკულად შემდგარ ტრანსფერზე უნდა იცოდეთ
თარიღი 13 ივნ 2021, 23:07

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "ლიონისა" და ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ "ბარსელონაში" გადასვლაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

კატალონიური გრანდი 27 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერს მომავალ კვირაში დაადასტურებს - მას შემდეგ, როცა ფეხბურთელი და "ბარსელონა" ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციისგან ნებართვას მიიღებენ, რადგან ამჟამად დეპაი ევრო 2020-ზე ეროვნული გუნდის განკარგულებაშია.

როგორც აღინიშნება, "ბარსას" ახალწვეულის რანგში მემფისის პრეზენტაცია მაშინ გაიმართება, როცა ჰოლანდიელები ტურნირზე მონაწილეობას დაასრულებენ.

დეპაი "ბარსელონას" მეორე შეთავაზებას დათანხმდა. შეგახსენებთ, კატალონიურმა გრანდმა ხელშეკრულების თავდაპირველი ვარიანტი გააუმჯობესა, აწ უკვე "ლივერპულის" ექს-ნახევარმცველ ჟორჟინიო ვეინალდუმთან დაკავშირებული სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, რომელმაც ბოლო მომენტში "ბლაუგრანას" "პსჟ" ამჯობინა.

ვეინალდუმი ცდილობდა "ბარსასგან" ფინანსურად უკეთესი წინადადება მიეღო, მაგრამ უარის შემდეგ, "პსჟ"-ში გადავიდა. დეპაით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ მას მხოლოდ კატალონიურ გრანდში თამაში სურს. ამ შემთხვევაში, მემფისს ხელფასის ოდენობა დიდად არც აინტერესებდა.

მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ გუნდს მომავალ სეზონშიც რონალდ კუმანი გაწვრთნის, დეპაის გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია და მხოლოდ "ბარსაში" გადასვლა უნდოდა.

2020/21 წლების სეზონში ჰოლანდიელმა შემტევმა ლიგა 1-ში 37 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ლიონთან" მას 30 ივნისს ეწურება და "ბლაუგრანას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

თანხმობა მიღებულია - დეპაის ტრანსფერი მომდევნო კვირაში უნდა დადასტურდეს