დრო მიდის, კონტრაქტი იწურება — როდის აპირებს ბარსელონა მესისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას?
"ბარსელონა" თავდამსხმელ ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მუშაობას აგრძელებს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიურმა გრანდმა 33 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს წინადადება მამის მეშვეობით გაუგზავნა, რომელიც მისი აგენტის ფუნქციებს ასრულებს. "ბარსა" დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი კლუბის ამჟამინდელ ფინანსურ შესაძლებლობებთან შესაბამის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდება.
"ბლაუგრანას" მესის მომავალთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა კოპა ამერიკის დაწყებამდე უნდოდა, სადაც არგენტინის ნაკრების რიგებში იასპარეზებს. ეს ვერ მოხერხდა. კლუბი მესისთან შეთანხმებას კოპა ამერიკის დასრულებამდე არ გამოაცხადებს.
"ბარსას" ხელმძღვანელობა მესის პატივისცემით ეპყრობა, ლეო ახლა მთლიანად ეროვნულ გუნდზეა კონცენტრირებული.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სუპერვარსკვლავს 30 ივნისს ეწურება.
გასულ სეზონში მესიმ, რომელსაც 24 ივნისს 34 წელი უსრულდება, ლა ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.
მესისთან, აგუეროსთან, დი მარიასთან და ლაუტაროსთან ერთად — არგენტინა კოპა ამერიკისთვის დაირაზმა