საფეხბურთო შოუ მიუნხენში — გერმანიამ პორტუგალიას უხვგოლიან მატჩში მოუგო [VIDEO]
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, ერთმანეთს პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნის" საშინაო სტადიონ "ალიანც არენაზე" გაიმართა და "ბუნდესთიმის" გამარჯვებით დასრულდა - 4:2.
ანგარიში მე-15 წუთზე კრიშტიანუ რონალდუს ზუსტი დარტყმით გაიხსნა, თუმცა 4-წუთიან მონაკვეთში, 35-ე და 39-ე წუთებზე, პორტუგალიელებმა ორი ავტოგოლი გაიტანეს - საკუთარ კარში ბურთი ჯერ რუბენ დიაშმა ჩაჭრა, შემდეგ კი რაფაელ გერეირომ.
მეორე ნახევრის დებიუტშივე, 51-ე წუთზე, კაი ჰავერცმა გერმანელთა უპირატესობა გაზარდა, მე-60 წუთზე კი რობინ გოსენსმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა.
საბოლოო შედეგი 67-ე წუთზე დაფიქსირდა - კრიშტიანუ რონალდუს გადაცემით, "ბუნდესთიმის" კარი დიოგუ ჟოტამ აიღო.
ამ გამარჯვების შემდეგ, F ჯგუფში გერმანია 3 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, პორტუგალია კი, რომლის აქტივშიც აგრეთვე 3 ქულაა, მე-3 პოზიციაზეა. ლიდერი საფრანგეთია (4 ქულა), ბოლო ადგილზე კი უნგრეთია (1 ქულა).