"ქართველი ფეხბურთელების დახმარებით, აპოელის დომინირება გაგრძელდება", - კვიპროსელთა მწვრთნელი
ნიქოზიას "აპოელის" მთავარმა მწვრთნელმა, სავას პურსაიტიდისმა კვიპროსულ ტელევიზია Cablenet-ის ერთ-ერთ გადაცემაში ქართველი მოთამაშეების ტრანსფერების შესახებ ისაუბრა:
"ოქრიაშვილი და ქვილითაია არიან სწორედ ის ფეხბურთელები, რომლებიც აპოელს სჭირდებოდა. ისინი ნებისმიერი გუნდის თავდასხმას გააძლიერებენ.
რაც შეეხება დაუშვილს, ანორთოსისის დატოვებამდე მასთან არ გვისაუბრია, ჩვენთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი ის აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
ნიქოზიაში ბინადრობს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და გულშემატკივრებს სურთ, რომ ჩვენი დომინირება დიდხანს გაგრძელდეს.
მჯერა, რომ ქართველი ფეხბურთელები მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებიან. წინ, საინტერესო სეზონი გველის", - განაცხადა კვიპროსელმა.
შეგახსენებთ, "ლურჯ-ყვითლებში" ტრანსფერის შემდეგ, ფამაგუსტაში რჩება სამი ქართველი - თემურ ქეცბაია როგორც მწვრთნელი, გიორგი ლორია და "ლეხ პოზნანიდან" დაბრუნებული ნიკა კაჭარავა.