როდის მიიღებს მანჩესტერ სიტი გრილიშისა და კეინის ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას?
"მანჩესტერ სიტი" "ასტონ ვილას" ნახევარმცველ ჯეკ გრილიშისა და "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინის შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ მიიღებს, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელთა" მთავარი სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ამ ფეხბურთელების შეძენაა, მაგრამ არანაირი პროგრესი არ შეინიშნება იქამდე, სანამ ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატში ინგლისის ნაკრების მაისურით ასპარეზობენ.
როგორც აღინიშნება, "მანჩესტერ სიტი" ამ დროისთვი გრილიშის თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, კეინზე მოლაპარაკებების გამართვის პირველი ცდა კი წარუმატებლად დასრულდა, რადგან "დეზებმა" წინადადება იუარეს. "ქალაქელთა" ხელმძღვანელობა ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე ორივე ამ ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს რთულად მიიჩნევს.
2020/21 წლების სეზონში გრილიშმა "ასტონ ვილას" რიგებში 27 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, 25 წლის ფეხბურთელი 65 მილიონი ევრო ღირს.
კეინის აქტივში კი გასულ სეზონში "ტოტენჰემის" მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში გატანილი 33 ბურთი და გაკეთებული 17 ასისტია. Transfermarkt-ის ცნობით, მისი ფასი 120 მილიონია.
მანჩესტერ სიტი მზადაა გრილიშის გამო პრემიერ ლიგის სატრანსფერო რეკორდი დაამხოს