სანტუში: "პორტუგალიამ ყველაფერი გააკეთა, ზოგიერთი ფეხბურთელი გასახდელში ტირის"

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ბელგიასთან (0:1) მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"იმედგაცრუებულები და მოწყენილები ვართ. ზოგიერთი ფეხბურთელი გასახდელში ტირის. მათ მთელი ძალები დახარჯეს".
"ბელგიამ 6-ჯერ დაარტყა და ერთი აღმოჩნდა ზუსტი, ჩვენ 29-ჯერ დავარტყით, ორჯერ მოვარტყით ძელს. მაგრამ მარცხი მარცხია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ვთქვა".
"შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდოდა და გვჯეროდა. გვჯეროდა, რომ ფინალში გავიდოდით და მოვიგებდით. აქ საქმე სამართლიანობას ან უსამართლობას არ ეხება, უბრალოდ გოლი გავუშვით და ვერ გავიტანეთ".
"არც გამართლებაზე ან არგამართლებაზე არ ვსაუბრობთ. ერთი დარტყმა შენს კარში და გოლია. ბევრი განსხვავებული სიტუაცია გვქონდა, როცა მეკარემ ბურთი აიღო".
"ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მათ ვერაფერში დავადანაშაულებ. დაიღალნენ, მაგრამ საკუთარ თავში ძალა იპოვეს, რათა გუნდებს შორის სხვაობა აღმოეფხვრათ. მაგრამ ახლა ეს მხოლოდ სიტყვებია", - თქვა სპეციალისტმა TVI24-თან ეთერში.