რონალდუსთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს — რას ელოდება იუვენტუსი?

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ტურინელები 36 წლის პორტუგალიელისა და მისი აგენტის, ჟორჟე მენდეშის გადაწყვეტილებას ელოდებიან იმის თაობაზე, დატოვებს თუ არა ფეხბურთელი ამ ზაფხულს გუნდს. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
აქამდე გავრცელებული ცნობით, რონალდუ შეიძლება "სპორტინგში", "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "რეალში" გადავიდეს.
გასულ სეზონში კრიშტიანუმ "იუვენტუსის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.