იუვენტუსს კრიშტიანუ რონალდუს პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს, იმ შემთხვევისთვის, თუ პორტუგალიელი წასვლას გადაწყვეტს

„იუვენტუსი“ თავდამსხმელის პოზიციაზე ალტერნატიული ვარიანტის ძიებას შეუდგა, იმ შემთხვევისთვის, თუ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ დატოვებს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თუ პორტუგალიელი ფეხბურთელი „ბიანკონერის“ დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, კლუბი „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის, გაბრიელ ჟესუსის შეძენას შეეცდება.
თავად ბრაზილიელი არ არის წინააღმდეგი გადავიდეს „იუვენტუსში“, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, მასზე იმედებს არ ამყარებს.
მეტიც, თავად ესპანელი სპეციალისტი ჟესუსის გაყიდვას ისურვებდა, რადგან მიღებული თანხით ჰარი კეინის შეძენა შედარებით გამარტივდებოდა.
გარდა ამისა, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, აქტიურად განიხილავს „პსჟ-ს“ თავდამსხმელის, მაურო იკარდის გადაბირებას, რომლის მომავალიც „პარკ დე პრენსზე“ ბურუსითაა მოცული.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.