"ჩვენი ოცნება ცოცხალია", - ტრავმის შემდეგ, სპინაცოლა სოციალურ ქსელში პირველი პოსტს აქვეყნებს
იტალიის ნაკრების მცველმა, ლეონარდო სპინაცოლამ, რომელმაც გუშინდელ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო, სოციალურ ქსელში მომხდარის შემდეგ პირველი პოსტი გამოაქვეყნა.
„სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რაც გუშინ მოხდა, მაგრამ ჩვენი ოცნება ცოცხალია. ამ შესანიშნავი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია.
მოედანზე მალე დავბრუნდები, ამაში დარწმუნებული ვარ.“ - წერს სპინაცოლა „ინსტაგრამში“.
„რომას“ ფეხბურთელი მოედნიდან მატჩის 79-ე წუთზე, საკაცით გაიყვანეს. მატჩის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდება, ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილში მისი მონაწილეობა გამორიცხულია.
ევრო 2020-ს 1/2-ფინალში იტალიის ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება, რომელმაც შვეიცარიას პენალტების სერიაში მოუგო.