"ემი ნამდვილი ფენომენია და მას ძალიან ვენდობით", - მესი
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა, ლეო მესიმ, კოლუმბიასთან პენალტების სერიაში (1:1, 3:2) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, თავისი გუნდის მეკარე, ემილიანო მარტინესი შეაქო.
„ასტონ ვილას“ გოლკიპერმა პენალტების სერიაში 3 დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
„ძალიან რთული იყო, მაგრამ გამარჯვება და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან გვინდოდა.
ზოგჯერ, ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ჩვენ გვყავს ემი, რომელიც უბრალოდ ფენომენია, მას ძალიან ვენდობით.
მიზანს მივაღწიეთ - გზა თითქმის ბოლომდე გავიარეთ, ახლა კი ბრაზილიის წინააღმდეგ ფინალი გველოდება.“ - აღნიშნა მესიმ.
კოპა ამერიკას ფინალური დაპირისპირება „მარაკანაზე“ 11 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.