ხანგრძლივი პაუზის შემდეგ — კოუტინიო ბრუნდება და ბარსელონაში მისი მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო მუხლის ტრავმას მალე ბოლომდე მოირჩენს, წერს Diario Sport.
ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, ამ კვირაში ბრაზილიელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. გუნდთან ერთად იგი ჯერ ვერ ივარჯიშებს. ფილიპე ინდივიდუალური პროგრამით იმუშავებს.
12 ივლისის შემდეგ, კოუტინიოს აგენტები "ბარსელონას" შეხვდებიან, რათა მისი მომავალი განიხილონ. კატალონიელებს 29 წლის ბრაზილიელის გაყიდვა სურთ, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. დიდი ალბათობით, იგი "ბარსაში" კიდევ მინიმუმ ნახევარი წელი დარჩება.
ცნობისთვის, მუხლის ტრავმის გამო, 2021 წელს კოუტინიოს ჯერ არ უთამაშია.