ბარსელონა და ატლეტიკო ხმაურიან გაცვლას განიხილავენ, რომლის ალბათობაც არცთუ ისე დაბალია
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი არ არის გამორიცხული მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნდეს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კლუბები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის ნახევარმცველ საულ ნიგესში გაცვლას განიხილავენ.
აქამდე დაიწერა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" გრიზმანთან განშორება სურთ, რათა სახელფასო ხარჯები შეამცირონ. საულს კი გუნდის შეცვლა უნდა, რათა კარიერაში ახალი გამოწვევა მიიღოს - ეს ფაქტები ბარტერის ალბათობას საკმაოდ ზრდის.
30 წლის გრიზმანი "ბარსას" ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ანტუანის სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2024 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.