ავტორიზაცია

"ტორპედოს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს", - არშემდგარი სპონსორის პასუხი ქუთაისურ კლუბს

"ტორპედოს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს", - არშემდგარი სპონსორის პასუხი ქუთაისურ კლუბს
თარიღი 14 ივლ 2021, 22:13

ქუთაისის "ტორპედოს" სოციალურმა გვერდმა 13 ივნისს გამოაქვეყნა მიმართვა, რომლის შინაარსი ახალ სპონსორთან თანამშრომლობის დაწყება იყო.

"დღეს საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და კომპანია „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად კომპანია „ნიუ ვიჟენი“ სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“.

ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინასური პრობლემები მოგვარებულია. ქუთაისის „ტორპედოს“ სახელით დიდი მადლობას ვუხდით სპონსორობისთვის კომპანია „ნიუ ვიჟენს“.

იმერულ კლუბს ცოტა ხნის წინ უპასუხა "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა", რომელმაც სულ სხვა სახის ინფორმაცია გაავრცელა:

"გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო კლუბმა ტორპედომ სასპონსორო ხელშეკრულება  ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სპონსორობას გაუწევს ტორპედოს და ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია“.

ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის სახელით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ვფლობთ ინფორმაციას, თუ ვინ ცდილობს გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ შექმნას მცდარი საინფორმაციო ფონი.

ფინანსური პრობლემები ქუთაისის ტორპედოში მოგვარებული არ არის. ამჟამად სხვადასხვა დავალიანებებთან ერთად ტორპედოს გააჩნია იტალიელი ინვესტორების ვალი 2 მილიონი ლარის ფარგლებში და სახელფასო დავალიანება 700 ათასი ლარის ფარგლებში, რაც ჯამში დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს.

დავალიანების, რომლის გასტუმრების გარეშეც კლუბი აღმოჩნდება გადაულახავი პრობლემების წინაშე. აღარას ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ წლის ბოლომდე გუნდის ნორმალური ფუნქციონირებისთვის 3 მილიონიანი ვალის დაფარვის გარდა, კიდევ 2 მილიონი ლარის ინვესტირებაა საჭირო.

ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი მონაწილეობას მიიღებს აუქციონში, რომელიც უახლოეს მომავალში ქუთაისის „ტორპედოს“ გასხვისების მიზნით ჩატარდება. შესაბამისად, დღეიდან 2,5 წელიწადში 6 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ და გუნდის განვითარების პროპორციულად ინვესტიციები შესაბამისად გაიზრდება".