რეალი მორიგ ვარსკვლავს კარგავს — ვარანის მანჩესტერში ტრანსფერი პრაქტიკულად გარდაუვალი ხდება
მადრიდის "რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას უფრო და უფრო უახლოვდება.
28 წლის ფეხბურთელმა "ეშმაკუნებთან" კონტრაქტის პირობები პრაქტიკულად შეათანხმა. მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა.
"ემიუ" ვარანის ტრანსფერზე "რეალთანაც" აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, წერს RMC Sport-ის ჟურნალისტი, მოჰამედ ბუჰაფსი.
გასულ სეზონში ფრანგმა ესპანეთის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას "ბლანკოსთან" 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
ვარანი მადრიდულ გრანდში 2011 წელს ფრანგული "ლანსიდან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ლა ლიგა და ესპანეთის თასი კი 3-3-ჯერ მოიგო.