ბარსელონას საულის ალტერნატივა უკვე შერჩეული ჰყავს, თუ გრიზმანში გაცვლა ვერ მოხერხდა
„ბარსელონა“ გადაერთვება სხვა სამიზნეზე, თუ „ატლეტიკოს“ ნახევარმცველის, საულ ნიგესის ანტუან გრიზმანში გაცვლა ვერ მოხერხდება.
როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, ლურჯ-ბროწეულისფერები საულის ალტერნატივად „ლილის“ და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველს, რენატო სანჩეშს მიიჩნევენ და სწორედ მის გადაბირებას შეეცდებიან, თუ „ატლეტიკოსთან“ გარიგება ვერ შედგა.
კატალონიურ გუნდს პორტუგალიელი ფეხბურთელის იჯარითა და შემდგომი გამოსყიდვის ვალდებულებით დამატება სურს.
სანჩეში „ბენფიკას“ აღზრდილია, რომელშიც კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა, 2016 წელს კი მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და „სუონსიში“ იჯარის შემდეგ, სრულფასოვანი ტრანსფერით „ლილში“ გადავიდა.
გასულ სეზონში, 23 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ს 23 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი გუნდი კი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.