ატლეტიკო საული - გრიზმანის გაცვლას არ ჩქარობს: წინ ხანგრძლივი საპნის ოპერა გველოდება
მადრიდის „ატლეტიკო“ „ბარსელონასთან“ გრიზმანი - საულის გაცვლის დახურვას ნამდვილად არ ჩქარობს.
Marca-ს ინფორმაცით, „ლოს როხიბლანკოსი“ გრიზმანს „კამპ ნოუდან“ „ვანდაზე“ დიდი სიამოვნებით დააბრუნებდა მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გულშემატკივართა სიყვარულის და ნდობის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. თუმცა, „ატლეტიკო“ მაინც არ ჩქარობს.
კატალონიური გიგანტი არის ის გუნდი, რომელსაც ამ ბარტერის გაჩარხვა ეჩქარება, რათა ლეო მესის ახალი კონტრაქტი ოფიციალურად დაარეგისტრიროს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრას.
ბოლო დღეებში, „ბარსელონადან“ წამოვიდა ინფორმაცია, რომ ამ გაცვლაში შესაძლოა სულაც სხვა ფეხბურთელები იყვნენ ჩართულნი.
გაიჟღერა ისეთი ფეხბურთელების სახელებმა, რომლებიც რონალდ კუმანის „ბარსელონაში“ თავს იდეალურად დაიმკვიდრებდნენ: რენან ლოდი, მარიო ერმოსო...
ჟოაო ფელიქსის სახელიც მოვისმინეთ, მაგრამ „ატლეტიკოს“ ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით გეგმები აქვს და მისი გაცვლაში ჩართვა ამ გეგმებში ნამდვილად არ შედის.
მიუხედავად „ბარსელონას“ ასეთი სურვილისა, „ატლეტიკოს“ პირველადი ამოცანაა, რომ ტრანსფერში სწორედ საული იქნეს ჩართული, რადგან ესპანელის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია და მას თავადაც სურს სათამაშო ადგილის შეცვლა.
როგორც ჩანს, ეს გაცვლის საკითხი ადვილი მოსაგვარებელი არ იქნება და კიდევ არაერთ სერიას ვიხილავთ ამასთან დაკავშირებით.