ავტორიზაცია

პსჟ-ში დაუმარცხებელი გუნდი იკვრება? — იუვენტუსი პარიზელებს სუპერგაცვლას სთავაზობს

პსჟ-ში დაუმარცხებელი გუნდი იკვრება? — იუვენტუსი პარიზელებს სუპერგაცვლას სთავაზობს
თარიღი 20 ივლ 2021, 00:41

როგორც Football Italia იტყობინება, L'Equipe-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, "იუვენტუსსა" და "პსჟ"-ს ფეხბურთელების გაცვლა სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბიანკონერის" პარიზელთა ფორვარდი, მაურო იკარდი სჭირდება და კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის 28 წლის არგენტინელში გუნდის მთავარი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გაცვალოს.

ასე და ამგვარად, აშრაფ ჰაკიმის, ჟორჟინიო ვეინალდუმის, სერხიო რამოსისა და ჯანლუიჯი დონარუმას შემდეგ, პარიზელებს შესაძლოა 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავიც შეუერთდეს.

რონალდუს მომავალზე უკვე რამდენიმე თვეა ჭორები ვრცელდება. ევროპული მედია დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ "იუვეში" თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

როგორც სულ ცოტა ხნის წინ დაიწერა, პორტუგალიელი "პსჟ"-ს ხელმძღვანელობაზე ძალიან გაბრაზებულია, რადგან ბოსებს მისი მიწვევა ახალგაზრდა კილიან მბაპეს შემცვლელად უნდოდათ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმოქმედებს ეს ფაქტი პარიზელებსა და "იუვენტუსს" შორის შესაძლო გარიგებაზე.

ცნობისთვის, რონალდუ "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. რაც შეეხება იკარდის, მაურო "პსჟ"-ში 2019 წლიდან ირიცხება და მისი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.