ავტორიზაცია

ლამელა + 25 მილიონი ევრო - ტოტენჰემმა და სევილიამ საინტერესო გაცვლაზე მოილაპარაკეს

ლამელა + 25 მილიონი ევრო - ტოტენჰემმა და სევილიამ საინტერესო გაცვლაზე მოილაპარაკეს
თარიღი 20 ივლ 2021, 19:12

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო საინტერესო ინფორმაციას იტყობინება.

იტალიელი ავტორიტეტული ინსაიდერის ინფორმაციით, „სევილიამ“ და „ტოტენჰემმა“ ხმაურიანი გაცვლა განახორციელეს.

ამ ბარტერის შედეგად, „დეზების“ არგენტინელი ვინგერი, ერიკ ლამელა, კარიერას „რამონ სანჩეს პისხუანზე“, „სევილიას“ მაისურით გააგრძელებს.

საპირისპირო მიმართულებით კი „სევილიას“ ახალგაზრდა შემტევი, ბრაიან ხილი გაემგზავრება, რომელმაც გასული სეზონი იჯარით, „ეიბარში“ გაატარა და მარტში ესპანეთის ნაკრების მაისურით საქართველოს წინააღმდეგაც ითამაშა.

რაც ორმაგად საინტერესოა, ამ გაცვლის შედეგად, „სევილია“ ერიკ ლამელას გარდა „ტოტენჰემისგან“ დამატებით 25 მილიონ ევროს და სხვადასხვა ბონუსებს მიიღებს.

ამჟამად, ბრაიან ხილი ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში ირიცხება და ოლიმპიადისთვის ემზადბეა, თუ თამაშების ჩატარება მაინც გადაწყდა. სავარაუდოდ, ტრანსფერი სწორედ ამის შემდეგ ოფიციალურადაც დაიხურება.

სათქმელია ისიც, რომ ამ ეტაპზე, ამ გაცვლამ ორივე გუნდის ქომაგები უკმაყოფილო დატოვა - სოციალურ ქსელში „ტოტენჰემის“ ქომაგები კითხვებს სვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაწყვიტა ინგლისურმა გუნდმა 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელის სანაცვლოდ ლამელას გარდა 25 მილიონი ევროს გადახდა.

ესპანური მხარე კი უშუალოდ ბრაიან ხილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.