სხვა ვარიანტი არ არსებობს, მხოლოდ ორი - რა მდგომარეობაა გრილიშის სიტიში შესაძლო გადასვლაზე?
ცნობილი გახდა „მანჩესტერ სიტისა“ და „ასტონ ვილას“ შორის, 25 წლის ჯეკ გრილიშის თაობაზე წამოწყებული მოლაპარაკებების დეტალები.
როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“ წერს, „მან.სიტის“ ტრანსფერის დახურვა უახლოეს რამდენიმე დღეში სურს. „ქალაქელები“ მზად არიან, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებაზე უახლოეს დღეებში წაიყვანონ, როგორც კი „ასტონ ვილასთან“ სრული შეთანხმება შედგება.
ოფიციალური მოლაპარაკებები კლუბებს შორის ორი დღის წინ დაიწყო. მხარეებმა დედლაინიც დაიწესეს - იმ შემთხვევაში, თუ „მან.სიტი“ „ასტონ ვილასთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, გრილიში მშობლიურ გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
გრილიში „ასტონ ვილას“ აღზრდილია და ამ გუნდის მაისურს 2012 წლიდან ატარებს, გასული წლის შემდეგ კი მას სტაბილურად იძახებენ ინგლისის ნაკრებშიც.
გავრცელებული ინფორმაციით, „სიტი“ „ვილას“ გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონ გირვანქას სთავაზობს.