რეალის შემდეგ, ბარსელონა ჩელსის მიადგა და თავის ფეხბურთელთან შეუთანხმებლობას ლონდონელებს აბრალებს
„ბარსელონა“ გუნდის ნახევარმცველ ილაიშ მორიბას ახალ კონტრაქტზე ისევ ვერ უთანხმდება.
Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი შიშობს, რომ გართულებული მოლაპარაკებების ფონზე, ფეხბურთელი თავისთან შესაძლოა ლონდონის „ჩელსიმ“ გადაიბიროს, რომელიც მორიბას შეძენით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდა, როცა ფეხბურთელი „ბარსას“ ახალგაზრდულში თამაშობდა.
ილაიშმა „ბარსელონას“ პირველი შემოთავაზება უარით გაისტუმრა, რადგან შემოთავაზებული ხელფასი ზედმეტად მცირე მოეჩვენა. „ბარსა“ ფიქრობს, რომ მორიბას სხვა კლუბისგან გაცილებით სარფიანი შემოთავაზება აქვს და ის მომდევნო ზაფხულს დაელოდება, რათა გუნდიდან უფასოდ წავიდეს.
თავიდან, „ბარსელონამ“ ეჭვი „რეალზე“ აიღო და ფიქრობდა, რომ მორიბამ მათ უარი სწორედ „სამეფო კლუბიდან“ კარგი შემოთავაზების გამო თქვა, თუმცა მადრიდელებმა გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს და ახლა ეჭვი „ჩელსიზეა“.
„ბარსელონა“ მორიბას ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე დაყოლიებას ყველანაირი ძალებით ცდილობს - ფეხბურთელი ძირითად გუნდს ჩამოაშორეს და წინასასეზონო ტურნეშიც არ წაიყვანეს, თუმცა მიუხედავად ამისა, შეთანხმების იმედი პრაქტიკულად აღარ არსებობს.
არ არის გამორიცხული, „ბარსამ“ ფეხბურთელის გაყიდვა ამ ზაფხულსვე გადაწყვიტოს, რათა გაისად უფასოდ არ დაკარგოს.