კონფერენს ლიგაზე შესაძლოა ჩაკვეტაძე V კვარაცხელია შედგეს
ცნობილი გახდა ყაზანის "რუბინის" შესაძლო მოწინააღმდეგე კონფერენს ლიგის პლეი-ოფში. "რაკუვის" დამარცხების შემთხვევაში, რუსული გუნდი "გენტი" - "რფს"-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
"წითელ-მწვანეები" ჩენსტოხოველებს ეთამაშებიან 5 აგვისტოს (23:00), ისევე როგორც ბელგიელები რიგელებს (22:30). როგორც ვხედავთ, თეორიულად, არსებობს იმის შანსი, რომ კონფერენს ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუელი ვიხილოთ.
ცხადია, ამისთვის ჯერ ლეონიდ სლუცკის გუნდმა პოლონელთა ბარიერი უნდა გადალახოს, "ლურჯებმა" კი ლატვიელების. ამის გარდა, არსებობს რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი.
საქმე ისაა, რომ ჩაკვეტაძე ოპტიმალური ფორმისგან ჯერ კიდევ შორის არის, კვარაცხელიას კი "რუბინის" დატოვება მართლაც რომ ნებისმიერ დროს შეუძლია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ორი ქართველის დუელი მართლაც ეფექტური იქნებოდა.