მესისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოკვეთილია?
ოთხშაბათს, 5 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ლიონელ მესი "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და კლუბს დატოვებს.
ახლა კი, როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC იტყობინება, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ში გადასვლასთან არის ახლოს.
მესის "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ამოეწურა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა, რომელიც მთელი გასული სეზონის განმავლობაში საჯაროდ გამოხატავდა არგენტინელისადმი ინტერესს, ფეხბურთელის შეძენის იდეაზე უარი თქვა, რადგან "ბარსელონასთან" კონკურენციის აზრს და შესაძლებლობას ვერ ხედავდა.
მოგეხსენებათ, მესიმ "ბარსას" რიგებში ლა ლიგა 10-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ მოიგო, აგრეთვე "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელია.