მესი უკიდურესად იმედგაცრუებულია — ბარსელონამ საჯაროდ განმარტა, თუ რატომ ვერ შედგა გარიგება
"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ლიონელ მესი არ ელოდა, რომ კატალონიურ გრანდთან ახალ კონტრაქტს ვერ გააფორმებდა.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es იტყობინება, არგენტინელი მოვლენათა ასეთი განვითარებით უკიდურესად იმედგაცრუებული დარჩა.
მესი ოჯახთან ერთად იბიცადან, სადაც შვებულება გაატარა, კატალონიაში ჩავიდა და უახლოეს პერიოდში ყველა საბუთის გაფორმებას ელოდა. თუმცა, "ბარსას" ხელმძღვანელობამ ლეოს 5 აგვისტოს აცნობა, რომ გარიგება არ შედგება. ეს 34 წლის სუპერვარსკვლავისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.
"მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ლეო მესიმ შეთანხმებას მიაღწიეს და ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდნენ, ლა ლიგის ნორმებთან დაკავშირებული ეკონომიკური და სტრუქტურული დაბრკოლებების გამო, დოკუმენტის ოფიციალურად გაფორმება შეუძლებელია", - შემდეგნაირად განმარტა კლუბმა სიტუაცია სპეციალურ პრეს-რელიზში.
მოგეხსენებათ, მესის "ბარსას" პირველ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა და მას შემდეგ შეუცვლელი ფიგურა გახლდათ. კლუბთან ერთად ლეომ ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, 7-ჯერ დაეუფლა ესპანეთის თასს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 4-ჯერ გახდა. აგრეთვე, მესი "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელია, რაც რეკორდია.