ლეოსთვის ცოტა შეუფერებელი — ფრანგული გამოცემა პსჟ-ში მესის სათამაშო ნომერს ასახელებს

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ძალიან მალე "პსჟ"-ს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა Telefoot იტყობინება, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზულ კლუბში 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
არაერთი გავლენიანი წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
"ბარსამ" 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ მესის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს. ლეომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
გასულ სეზონში კატალონიური გრანდის ყოფილმა კაპიტანმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.