მესის წასვლის შემდეგ, აგუერომ ბარსელონასთან კონტრაქტის გაწყვეტა მოინდომა

"ბარსელონას" ახალწვეულს, სერხიო აგუეროს გუნდის დატოვება უნდა, იტყობინება ესპანელი ჟურნალისტი, მიგელ ბლასკესი.
როგორც აღინიშნება, 33 წლის არგენტინელი უკმაყოფილოა იმით, რომ კლუბმა მისი თანამემამულის, ლიონელ მესის შენარჩუნება ვერ მოახერხა, რომელმაც "ბარსა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, აგუერო თვლის, რომ კლუბმა უღალატა. მას მესისთან ერთად თამაშს დაჰპირდნენ. რადგანაც დაპირება არ შესრულდა, სერხიოს კონტრაქტის გაწყვეტა უნდა.
გამოცდილი ფორვარდი "ბარსელონაში" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. აქამდე იგი "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობდა.
2020/21 წლების სეზონში აგუერომ "სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.