მესი პსჟ-სგან ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება — ფაბრიციო რომანო
"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ლიონელ მესი "პარი სენ ჟერმენისგან" ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება.
არგენტინელი სუპერვარსკვლავი მზად არის ამის შემდეგ პარიზში ჩავიდეს და მოლაპარაკებები გამართოს, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. "პსჟ"-ში მესის წლიური ანაზღაურება 50 მილიონი ევრო იქნება, ბონუსების ჩათვლით.
მესის "ბარსასთან" კონტრაქტის ვადა 1 ივლისს ამოეწურა. კლუბმა 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება.
"ბარსელონაში" ლეოს დებიუტი 2004 წელს შედგა. კლუბთან ერთად იგი ესპანეთის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, 7-7-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. აგრეთვე, 4-ჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს, 3-3-ჯერ კი უეფას სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტულებს. გარდა ამისა, მესი "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელია, რაც რეკორდია.