ბაიერნში რიბერის შესაძლო დაბრუნებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს

"ბაიერნის" დირექტორმა, ოლივერ კანმა კლუბში ნახევარმცველ ფრანკ რიბერის შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა.
"ფრანკთან ერთად კარგი დრო გავატარეთ. ვისაუბრეთ, რესტორანში შევხვდით ერთმანეთს. თუმცა, მასთან კონტრაქტის გაფორმებაზე ჯერ არ ვფიქრობთ", - ციტირებს კანის სიტყვებს Spox.
38 წლის ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია, რადგან "ფიორენტინასთან" მას ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.
მოგეხსენებათ, რიბერი "ბაიერნის" ღირსებას 2007 წლიდან 2019 წლამდე იცავდა. მიუნხენელთა რიგებში მან ბუნდესლიგა 8-ჯერ, გერმანიის თასი კი 6-ჯერ მოიგო, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.