"ვწუხვარ, რომ კარიერას ბარსელონაში არ დაასრულებს", - ტუხელი მესის პსჟ-ში ტრანსფერზე
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი თავდამსხმელ ლიონელ მესის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, გერმანელი სპეციალისტი 2018 წლიდან 2020 წლამდე პარიზულ გუნდს ედგა სათავეში.
"მესი მსოფლიოს ნებისმიერი კლუბისთვის შესანიშნავი ვარიანტია. თუმცა, ვწუხვარ, რომ კარიერას "ბარსელონაში" არ დაასრულებს. მესი და "ბარსელონა" ერთნი იყვნენ", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Canal+.
34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, "ბარსელონასთან" მან ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ მოახერხა - ესპანეთის ჩემპიონატში არსებული ფინანსური წესების გამო.
"პარი სენ ჟერმენმა" მესი უკვე წარადგინა - ლეომ პარიზელებთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მისი წლიური ანაზღაურება 35 მილიონი ევრო იქნება.