"ეს სრულიად შეუძლებელია", - პერესი უარყოფს, რომ ლაპორტა მესის ბარსელონადან გაშვებაში დაარწმუნა

"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ფორვარდ ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლაზე გავლენის მოხდენას უარყოფს.
აქამდე, კატალონიური კლუბის ყოფილმა თანამშრომელმა, ხაუმე ლიოპისმა განაცხადა, რომ პერესმა დაარწმუნა "ბარსას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მესის გაწირვაში, საინვესტიციო ფონდ CVC-სთან ლა ლიგის გარიგების წინააღმდეგ წასვლისთვის.
"ეს სრულიად შეუძლებელია. აგრეთვე, "ბარსელონას" ყოფილი წევრის, ხაუმე ლიოპისის განცხადებაზე ყურადღებას გიმახვილებთ და მინდა გაცნობოთ: სრულიად არასწორია ის, რომ დიდი ხანია "ბარსელონას" გენერალურ დირექტორ ფერან რევერტერთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს".
"მას ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ შევხვედრილვარ: პირველად ოთხი თვის წინ, მეორედ კი - გასულ შაბათს, ჟოან ლაპორტასთან და ანდრეა ანიელისთან შეხვედრაზე, როცა მესიზე განცხადება უკვე გაკეთებული იყო", - ციტირებს ესპანური პრესა პერესის სიტყვებს.