ავტორიზაცია

ლაპორტა: "ბარსელონას ფინანსური მდგომარეობა იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე გვეგონა, ვალი 1.350 მილიარდს შეადგენს"

ლაპორტა: "ბარსელონას ფინანსური მდგომარეობა იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე გვეგონა, ვალი 1.350 მილიარდს შეადგენს"
თარიღი 16 Aug 2021, 15:53

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, გუნდის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ლაპორტა „ბარსაში“ პრეზიდენტად 2021 წლის მარტში დაბრუნდა, როცა არჩევნები ტონი ფრეიშას და ვიქტორ ფონტს მოუგო. მისი მთავარი დაპირება გუნდში ლეო მესის შენარჩუნება და ერთი ვარსკვლავური ტრანსფერი იყო, პრიორიტეტად ერლინგ ჰოლანდი სახელდებოდა. 

თუმცა, მან ვერცერთი ვერ შეასრულა და ყველაფრის მიზეზად „ბარსელონას“ ვალებს და წინა ხელისუფლებას ასახელებს.

„კლუბში ფინანსური მდგომარეობა იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე წარმოგვედგინა. „ბარსას“ ვალი ამჟამად 1.350 მილიარდ ევროს წარმოადგენს, წლიური ბალანსი კი 451 მილიონით არის მინუსში.“ - აღნიშნა ლაპორტამ.

ვარსკვლავური შენაძენი კი არა, „ბარსამ“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მოყვანილი მემფის დეპაის და ერიკ გარსიას ლა ლიგაში დასარეგისტრირებლადაც საკუთარი გუნდის კაპიტნებს სთხოვა ხელფასის დაკლება და ახალწვეულები მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანა განაცხადში.