მბაპესთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო, თუმცა ფავორიტი მაინც რეალია — GOAL.COM

"ლივერპული" მზად არის "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელ კილიან მბაპესთვის ბრძოლაში "რეალს" კონკურენცია გაუწიოს, წერს Goal.com.
ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, მერსისაიდელებს 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა პარიზელებთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მბაპემ პარიზელებთან ახალი, 6-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა და კარიერის გაგრძელება "რეალში" უნდა.
გასულ სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და საკუთარ აქტივში 11 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 160 მილიონ ევროს შეადგენს.