ავტორიზაცია

მესი ბარსელონას აეროპორტში დააფიქსირეს — არგენტინელი ოჯახთან ერთად ბარსელონაში დაბრუნდა

მესი ბარსელონას აეროპორტში დააფიქსირეს — არგენტინელი ოჯახთან ერთად ბარსელონაში დაბრუნდა
თარიღი 21 აგვ 2021, 00:37

"პსჟ"-ს ახალწვეული, ლიონელ მესი ბარსელონაში გაფრინდა, იტყობინება ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport.

არგენტინელი ლიგა 1-ის მეორე ტურში "ბრესტთან" გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს. საბოლოო ჯამში, 34 წლის სუპერვარსკვლავი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად კატალონიაში გაემგზავრა.

ლიონელი და მისი ოჯახი ბარსელონას აეროპორტში დააფიქსირეს და ფოტოც გადაუღეს. დიდი ალბათობით, სამხრეთამერიკელმა უქმეების კატალონიაში გატარება გადაწყვიტა.

აქამდე, "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მესი მოედანზე გასვლისთვის მზად ჯერ არ არის. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, ლეომ ფორმა უნდა აღიდგინოს, რადგან კოპა ამერიკის შემდეგ პრაქტიკულად არ უვარჯიშია.

სავარაუდოდ, "პსჟ"-ში მესის დებიუტი 29 აგვისტოს, "რეიმსთან" გასამართ შეხვედრაში შედგება.

არგენტინელმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 10 აგვისტოს გააფორმა. მთელი კარიერის მანძილზე იგი "ბარსას" ღირსებას იცავდა. კატალონიურ გრანდს ლეოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდოდა, მაგრამ ეს ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა.