ლეგენდარული ტრიო კვლავ შეიკრიბა — მესიმ და ნეიმარმა სუარესს ესპანეთში ჩააკითხეს
"პსჟ"-ს ფეხბურთელები, ლიონელ მესი და ნეიმარი ამ უქმეებზე ბარსელონაში ჩაფრინდნენ, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo.
მოგეხსენებათ, არგენტინელი და ბრაზილიელი საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "ბრესტთან" (4:2) გუშინ გამართული შეხვედრის განაცხადს მიღმა დარჩნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა ფეხბურთელები "ატლეტიკოს" ფორვარდს, ლუის სუარესს ეწვივნენ სახლში და ერთად ისადილეს.
მოგეხსენებათ, მესი, ნეიმარი და სუარესი რამდენიმე წლის მანძილზე ერთად კატალონიის "ბარსელონაში" ასპარეზობდნენ.
მესიმ 10 აგვისტოს "პსჟ"-სთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. ლეომ ახალ გუნდში პირველი ვარჯიში 12 აგვისტოს გამართა.