"31 აგვისტომდე ყურებს ნუ ჩამოყრით", - ესპანელი ჟურნალისტი მბაპეს ტრანსფერზე იმედს არ კარგავს
El Chiringuito TV-ს ჟურნალისტი და წამყვანი ხოსეპ პედრელოლი „პსჟ-ს“ ფორვარდის, კილიან მბაპეს „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე საუბარს აგრძელებს.
პედრელოლი აპრილიდან ამტკიცებს, რომ მბაპე ამ ზაფხულს მადრიდის „რეალში“ გადავა და „ტვიტერში“ თავისი ტრენდული „ტიკ-ტაკის“ წერას დღემდე აგრძელებს, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 8 დღე დარჩა და კლუბებს შორის ჯერ მოლაპარაკებებიც არ დაწყებულა. ყოველ შემთხვევაში, თუ ოფიციალურ ცნობებს დავეყრდნობით.
აშკარაა, რომ თავად პედრელოლმაც ტონი შეცვალა და მტკიცებითი საუბარი ვარაუდით ჩაანაცვლა.
დღევანდელ გადაცემაში მან „რეალის“ გულშემატკივრებს მიმართა:
„ვიცი, რომ ახლა იმედგაცრუებულები, უიმედოდ ხართ. თუმცა, 31 აგვისტომდე კიდევ ბევრი ტრანსფერია მოსალოდნელი და გამორიცხული არაფერია. ნუ ჩამოყრით ყურებს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.“ - აღნიშნა პედრელოლმა.
ოფიციალურად, სატრანსფერო ფანჯარა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში 31 აგვისტოს იხურება. გავრცელებული ინფორმაციით, „რეალი" 30 აგვისტოს „პსჟ-სთვის" ოფიციალური წინადადებით მიმართვას აპირებს და პარიზელებს სხვა არჩევანი აღარ ექნებათ - ან მას უნდა დათანხმდნენ, ან მომავალ ზაფხულს ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავენ (თუ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა).