ავტორიზაცია

ჰარი კეინის სატრანსფერო საგა პრაქტიკულად დასრულებულია

ჰარი კეინის სატრანსფერო საგა პრაქტიკულად დასრულებულია
თარიღი 25 აგვ 2021, 15:26

როგორც ჩანს, აგვისტოს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო საგა წარუმატებლად მთავრდება.

ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, ჰარი კეინი შეეგუა, რომ წელს მას „ტოტენჰემიდან“ არავინ გაუშვებს და კიდევ მინიმუმ ერთი სეზონის გატარება ლონდონურ გუნდში მოუწევს.

სწორედ ამის გამო, მან პატივი სცა კლუბის გადაწყვეტილებას და პრემიერ ლიგის მე-2 ტურში, „ვულვზთან“ მატჩში მონაწილეობაც მიიღო.

თავდაპირველად, კეინი ტრანსფერს ძალიან აქტიურად ითხოვდა და შვებულებიდან დაბრუნებაც დაიგვიანა, რათა „ტოტენჰემი“ მოლაპარაკებებს დათანხმებულიყო, თუმცა ლონდონელთა პოზიცია ძალიან კატეგორიულია: ჰარი კეინი გუნდს არ დატოვებს.

როგორც იცით, ინგლისელი შემტევის მთავარი მსურველი „მანჩესტერ სიტია“, რომელმაც „დეზებს“ ორი შემოთავაზებით მიმართა - 100 მილიონი ევრო და სამიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი და შემდგომ, პირდაპირ 150 მილიონი ევრო, თუმცა ორივე ეს შემოთავაზება პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ პირადად უარყო.

ამრიგად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 6 დღეში რაიმე შეიცვალოს - ჰარი კეინი კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს „ტოტენჰემში“ გაატარებს.