მანჩესტერ სიტი რონალდუს შეძენაზე უარს არ ამბობს, თუმცა რამდენიმე დაბრკოლება არსებობს — ESPN

"მანჩესტერ სიტი" "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსადმი ინტერესს ინარჩუნებს, წერს ESPN.
ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, "ქალაქელები" პორტუგალიელის შეძენის ვარიანტს არ გამორიცხავენ, იმის ფონზე, რომ "ტოტენჰემის" ფორვარდმა, ჰარი კეინმა დარჩენა გადაწყვიტა.
თუმცა, გარიგების გაფორმების გზაზე არაერთი დაბრკოლება არსებობს, რომელთაგანაც უთავრესი "იუვენტუსის" სატრანსფერო მოთხოვნები და 36 წლის სუპერვარსკვლავის მაღალი ხელფასია.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუმ "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო გადასვლა "ბებერი ქალბატონის" ფეხბურთელებთან განიხილა.
კრიშტიანუ "იუვენტუსში" 2018 წლის ივლისში გადავიდა. მასში ტურინელებმა მადრიდის "რეალს" 112 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა რონალდუს "ბებერ ქალბატონთან" მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.