მბაპე რეალს უახლოვდება — პსჟ-მ პოტენციური შემცვლელი პრემიერ ლიგაში შეარჩია
"პარი სენ ჟერმენი" "ევერტონის" თავდამსხმელ რიშარლისონით ინტერესდება, იტყობინება არაერთი ცნობილი გამოცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი 24 წლის ბრაზილიელის შეძენას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ კლუბს კილიან მბაპე დატოვებს, რომელმაც კარიერა შესაძლოა "რეალში" გააგრძელოს.
ამასთანავე, როგორც აღინიშნება, რიშარლისონი "პსჟ"-ს ერთ-ერთ ლიდერ ნეიმართან მჭიდრო კონტაქტშია, რამაც ფეხბურთელის პარიზელთა რიგებში გადასვლას ხელი შეიძლება კიდევ უფრო შეუწყოს.
"კანფეტების" თავდამსხმელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 55 მილიონ ევროს შეადგენს.
გასულ სეზონში რიშარლისონმა "ევერტონის" მაისურით 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.