ავტორიზაცია

"ასეთი ტრანსფერი ვერ წარმომიდგენია", - რუნი რონალდუს მანჩესტერ სიტიში შესაძლო გადასვლას ეხმაურება

"ასეთი ტრანსფერი ვერ წარმომიდგენია", - რუნი რონალდუს მანჩესტერ სიტიში შესაძლო გადასვლას ეხმაურება
თარიღი 27 Aug 2021, 00:01

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ, რომელიც ამჟამად "დერბი ქაუნთის" მთავარი მწვრთნელია, "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"არ ვიცი, როგორ შევაფასო, გულწრფელად ვამბობ. თუ გსურთ გაიგოთ, ჩემი აზრით არის თუ არა ამ ტრანსფერის ალბათობა მაღალი, მაშინ დიდი ეჭვები მაქვს".

"კრიშტიანუმ "ემიუში" დიდი კვალი დატოვა. არა მგონია, ფულის გამო სადმე წავიდეს. მეეჭვება ეს მოხდეს. ვფიქრობ, თუ "იუვენტუსს დატოვებს, მაშინ "პსჟ"-ში გადასვლის შანსები უფრო მაღალი იქნება".

"სხვა მხრივ, ეს ფეხბურთია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქამდეც მომხდარა ასეთი რამ. "ემიუს" ისეთ ლეგენდებს, როგორებიც შმეიხელი, ენდი კოული არიან, "სიტიში" უთამაშიათ, მარკ ჰიუზს კი გაუწვრთნია".

"ასეთი რამ მომხდარა. მაგრამ რონალდუს დონის ფეხბურთელის შემთხვევაში, მოვლენათა ასეთი განვითარება ვერ წარმომიდგენია", - ციტირებს რუნის სიტყვებს Sky Sports.