ავტორიზაცია

არც თანხმობა, არც უარი პსჟ-სგან — რა ვითარებაა მბაპეს მომავალთან დაკავშირებით?

არც თანხმობა, არც უარი პსჟ-სგან — რა ვითარებაა მბაპეს მომავალთან დაკავშირებით?
თარიღი 28 Aug 2021, 17:16

"რეალსა" და "პსჟ"-ს შორის თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები წინ არ მიიწევს.

როგორც El Chiringuito TV იტყობინება, პარიზულ კლუბს მადრიდელთა ბოლო შეთავაზებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.

ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, ესპანურმა გრანდმა ფრანგებს 22 წლის სუპერვარსკვლავში 180 მილიონი ევრო შესთავაზა, საიდანაც 10 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. თუმცა, წყაროს ცნობით, პარიზელებს ეს წინადადება ჯერ არც უარყვიათ და არც დათანხმებულან.

თავის მხრივ, მბაპემ "პსჟ"-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ კი აქამდე დაადასტურა, რომ კილიანს "რეალში" გადასვლა უნდა.

შეგახსენებთ, მბაპე "პარი სენ ჟერმენში" "მონაკოდან" 2017 წელს იჯარით გადავიდა, შემდეგ კი მისი კონტრაქტი 145 მილიონ ევროდ შეისყიდეს. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდა ფრანგმა პარიზელთა რიგებში 174 მატჩი ჩაატარა, 133 გოლი გაიტანა და 63 შედეგიანი პასი გააკეთა.