ვინ შეცვლის მბაპეს რეალში წასვლის შემთხვევაში? — პსჟ-მ 3 თავდამსხმელი შეარჩია
"პარი სენ ჟერმენი" თავდამსხმელის შეძენას ეცდება, თუ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კილიან მბაპე კლუბს დატოვებს.
22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის "რეალში" ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება, "პსჟ" კი უკვე ფიქრობს იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც მისი შეცვლა შეუძლიათ.
როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN იტყობინება, პარიზელები რობერტ ლევანდოვსკის ("ბაიერნი"), ერლინგ ჰოლანდისა ("დორტმუნდი") და რიშარლისონის ("ევერტონი") ვარიანტებს განიხილავს.
ლევანდოვსკის აგენტი, პინი ზაჰავი ორშაბათს პარიზში იმყოფებოდა და "პსჟ"-ს თავისი კლიენტის დამატება შესთავაზა. მან პარიზელთა ხელმძღვანელობასთან შესაძლო ტრანსფერი განიხილა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბაიერნმა" პოლონელი ახლა გაუშვას, მაგრამ "პსჟ" მზად არის დიდი თანხა გადაიხადოს.
"პარი სენ ჟერმენის" სპორტული დირექტორი, ლეონარდო პარასკევს ჰოლანდის აგენტ მინო რაიოლას ესაუბრა. ნორვეგიელის წარმომადგენელს უნდა, რომ მისი კლიენტი "დორტმუნდიდან" ამ ზაფხულსვე წავიდეს. რაიოლა და ლეონარდო ახლო მეგობრები არიან, ამ ზაფხულს ისინი ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე მუშაობდნენ, რომელიც წარმატებით დაიხურა.
რაც შეეხება რიშარლისონს, "ევერტონი" მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს. ბრაზილიელს "პსჟ"-ში გადასვლა უნდა, მას პარიზელთა ერთ-ერთ ლიდერ ნეიმართან კარგი ურთიერთობა აქვს.