"ყველანაირი ეჭვი გააქრო", - ცნობილმა გამოცემა ESPN-მ ჭიკაძის გამარჯვებას ვრცელი მასალა მიუძღვნა
ცნობილი გამოცემა ESPN UFC Vegas 35-ის მთავარ ივენთზე წერს, რომელში მონაწილეობაც გიგა ჭიკაძემ მიიღო და ედსონ ბარბოსა მესამე რაუნდში გაანადგურა.
„გიგა ჭიკაძე UFC Vegas 35-ს ზედიზედ რვა გამარჯვებით შეხვდა, თუმცა დასამტკიცებელი მაინც ბევრი ჰქონდა და სწორედ ეს გააკეთა. 33 წლის ქართველმა მებრძოლმა დღეს საღამოს ყველანაირი ეჭვი გააქრო, რომელიც არსებობდა იმ მეტოქეების გამო, ვისაც გიგა აქამდე ხვდებოდა.
თუმცა, დღეს ოქტაგონზე გიგამ ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელის წინააღმდეგ იჩხუბა და შანსი არ დაუტოვა. საინტერესოა, რომ ჭიკაძე ბრძოლამდეც თავდაჯერებული იყო და ღიად აცხადებდა, რომ MMA-ს საუკეთესო დამრტყმელი სწორედ ის არის და არა ბარბოსა ან კიდევ ვინმე სხვა. ხაზგასასმელია, რომ გიგა ჭიკაძე დიდი ხნის განმავლობაში კიკბოქსიორი იყო და მუაი ტაიში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონიც არის.
დაამტკიცა თუ არა გიგამ თავისი სიტყვები? მან ყველას დაანახა, რომ ბარბოსაზე ბევრად მაღლა დგას, რაც თავის მხრივ დაფასებას იმსახურებს. მეორე რაუნდში ედსონის მიერ მოპოვებულ მოკლევადიან უპირატესობას თუ არ ჩავთვლით, ეს ბრძოლა თავიდან ბოლომდე ჭიკაძესი იყო. ის მეტოქეზე სწრაფი, აქტიური იყო და მისთვის დარტყმის მიყენება გაცილებით უფრო რთულად მოსახერხებელი იყო. საბოლოოდ, ქართველს აღმოაჩნდა საკმარისი ძალა და სიზუსტე, რომ ბარბოსა მესამე რაუნდში დაემარცხებინა.
მიუხედავად ამ გამარჯვებისა, არიან მებრძოლები, თუნდაც ჭიკაძის დივიზიონშიც, რომლებიც მას საუკეთესო დამრტყმელის სტატუსში შეეცილებიან, ის ერთადერთი ნამდვილად არ არის.
შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხიც მალე მივიღოთ, რადგან ბრძოლის შემდეგ, ჭიკაძემ შემდეგ დაპირისპირებაზე მაქს ჰოლოუეი გამოიწვია.
ასევე საინტერესოა, ჭიკაძე ჩემპიონობის კანდიდატთა რიგებში მოხვედრას როგორ გაუმკლავდება. ჰოლოუეის და ვოლკანოვსკის დიდი არსენალი აქვთ და აუმაღლესი დონის დამრტყმელის წინააღმდეგ თამამად ბრძოლა და მისი პარტერში გადაყვანაც შეუძლიათ. ეს კითხვა ჯერ კიდევ გახსნილად რჩება, მაგრამ ჭიკაძის შემდეგი გამოცდის ხილვა მართლაც საინტერესო იქნება.“ - წერს ESPN.