ლორია ჩემთვის პირველი მეკარეა, ვერ ვხედავ მისი შეცვლის მიზეზს - ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში კოსოვოსთან მატჩამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია ბათუმი არენას საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა.
"ჩემთვის ამ წუთისთვის რთულია, შევაფასო ქართველი ფეხბურთელების საზაფხულო ტრანსფერები. უნდა დაველოდო, რა შედეგს აჩვენებენ ახალ კლუბებში ისინი.
რაც შეეხება მეკარის სიტუაციას, მოხარული ვარ გიორგი მამარდაშვილის პროგრესით. ეს ძალიან კარგია ქვეყნის იმიჯისთვის, ქართული ფეხბურთისთვის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მან მხოლოდ 3 მატჩი ითამაშა ვალენსიაში. ჩემთვის გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში პირველი მეკარეა.
რა თქმა უნდა, ყველასთვის სამწუხაროა, რომ მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მაგრამ რეგულაციებს პატივი უნდა ვცეთ.
ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, მას ტრავმა ჰქონდა, რის გამოც კლუბშიც გამოტოვა მატჩები. ჩავსვით სიაში, იმედი გვქონდა გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა ეს ვერ მოასწრო," - განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოსა და კოსოვოს შეხვედრა 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.