რონალდუმ რამოსის ევროპული რეკორდიც გაიმეორა - წინ, მსოფლიო რეკორდია!
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, კრიშტიანუ რონალდუს საერთაშორისო ასპარეზზე 180 შეხვედრა დაუგროვდა. პირენეელმა თავდამსხმელმა გაიმეორა სერხიო რამოსის მიღწევა, რომელსაც აგრეთვე 180 მატჩი აქვს ჩატარებული.
ევროპული ნაკრებების მასშტაბით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდსა და ესპანელ ცენტრალურ მცველზე წინ არავინაა. იმის გათვალისწინებით, რომ "წითელ-მწვანეების" 7-იანი მწყობრშია, "პსჟ"-ს უკანახაზელი კი ტრავმირებული, მალე ევროპას ერთპიროვნული ლიდერი ეყოლება.
"ევროპელი ბრაზილიელები" შემდეგ შეხვედრას გამართავენ 4 სექტემბერს, ყატარის წინააღმდეგ და ცხადია, 36-წლის შემტევიც მოედანზე იქნება. მსოფლიო რეკორდი კი ეკუთვნის სო ჩინ აუნს, რომელმაც მალაიზიის ნაკრებში 195 მატჩი ჩაატარა.
აქვე დავამატებთ, რომ რონალდუმ სანაკრებო დონეზე მოასწრო 111 გოლის გატანა, რითაც ალი დაეის რეკორდი დაამხო. პორტუგალიელი ბომბარდირის ბოლო მსხვერპლი ირლანდია გამოდგა.