ავტორიზაცია

"გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს “რუსი მაფიოზი” აწერია", - ავთანდილ ხურციძის წერილი ციხიდან

"გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს “რუსი მაფიოზი” აწერია", - ავთანდილ ხურციძის წერილი ციხიდან
თარიღი 04 Sep 2021, 11:14

ავთანდილ ხურციზე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ციხეში სასჯელს იხდის. ქართველ მოკრივეს ბრალი ედება კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირსა და ორგანიზებულ დანაშაულში.

"ჩაქუჩას" 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მედიაში პერიოდულად ვრცელდება 42-წლის მებრძოლის სხვადასხვა ფოტოები და განცხადებები. ერთ-ერთი ასეთი ხურციძემ დაწერა ცოტა ხნის წინ და უნდა ითქვას, რომ ის დახმარებას ითხოვს:

"დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს "რუსი მაფიოზი" აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს 4 ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა.

დამეხმარეთ ვინმე ან მთავრობას შეაწვდინეთ ხმა მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით!

არასდროს ვყოფილვარ არც “ძველი” და არც “ქუჩის” ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული".

შეგახსენებთ, რომ ქართველ სპორტსმენს თავისი კარიერის განმავლობაში ჩატარებული აქვს 37 ბრძოლა. 33 დაპირისპირება დასრულდა ავთანდილის გამარჯვებით, ორი მისი მარცხით, ორი კი ფრედ.