მესი სკანდალურად შეწყვეტილ მატჩზე: "3 დღეა ბრაზილიაში ვართ, აქამდე რატომ არ მოხვედით?"
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ბრაზილიასთან დაწყებული მატჩის შეწყვეტის შემდეგ ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (Anvisa) წარმომადგენელს მიმართა.
"სამი დღეა ქვეყანაში ვართ, ამ თამაშს ველოდებოდით, აქამდე რატომ არ მოხვედით", - იკითხა 34 წლის არგენტინელმა.
"მთელი მსოფლიო გვიყურებს", - დაამატა "ალბისელესტეს" კაპიტანმა.
მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირება სასტარტო სასტვენიდან 4 წუთში შეწყდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მატჩი ოფიციალურად გადაიდო.
სააგენტოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელებმა, ემილიანო მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ (ორივე - "ასტონ ვილა"), ჯოვანი ლო ჩელსომ და კრისტიან რომერომ (ორივე - "ტოტენჰემი") ქვეყნის საზღვარი დარღვევებით გადაკვეთეს.
ბრაზილიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ყველა ადამიანმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. როგორც Anvisa ამტკიცებს, ზემოთაღნიშნულმა მოთამაშეებმა იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთს არ სტუმრობდნენ.
სიგიჟეები ბრაზილიისა და არგენტინის მატჩზე! — შეხვედრა ოფიციალურად გადაიდო