"ეს სრული კატასტროფაა", - მესი ბრაზილიასთან მატჩის სკანდალურად შეწყვეტის შემდეგ
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ბრაზილიასთან მატჩის შეწყვეტაზე.
"ეს კატასტროფაა. აქ სათამაშოდ ჩამოვედით. ჩამოვედით და ჩვენთვის არავის უთქვამს, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. შეეძლოთ სამი დღის წინ გავეძევებინეთ ქვეყნიდან, როცა ჩამოვედით. ეს სრული კატასტროფაა", - ციტირებს "ალბისელესტეს" კაპიტნის სიტყვებს EIF.
სასტარტო სასტვენიდან 4 წუთში თამაში სტადიონზე ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (Anvisa) წარმომადგენლებისა და პოლიციის გამოჩენის გამო შეჩერდა. არგენტინელებმა მოედანი დატოვეს.
სააგენტოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელებმა, ემილიანო მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ (ორივე - "ასტონ ვილა"), ჯოვანი ლო ჩელსომ და კრისტიან რომერომ (ორივე - "ტოტენჰემი") ქვეყნის საზღვარი დარღვევებით გადაკვეთეს.
ბრაზილიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ყველა ადამიანმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. როგორც Anvisa ამტკიცებს, ზემოთაღნიშნულმა მოთამაშეებმა იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთს არ სტუმრობდნენ.