"წასვლის შემდეგ მასთან არ მისაუბრია", - ბარსას პრეზიდენტმა მესიზე კვლავ ისაუბრა
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, გუნდიდან ლეო მესის წასვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
30 ივნისს, არგენტინელ ფეხბურთელს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი ამოეწურა. თუმცა, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მხარეები ახალ კონტრაქტს გააფორმებდნენ - ლეო ხელფასს 50%-ით დაიკლებდა, რათა კლუბს დახმარებოდა.
თუმცა, 5 აგვისტოს „ბარსამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლეო მესი გუნდში ვეღარ დარჩება, რადგან ლა ლიგამ გადაჭარბებული სახელფასო ჭერის გამო მისი ხელახლა დარეგისტრირების უფლება კლუბს არ მისცა. 8-ში, ფეხბურთელი ოფიციალურად „პსჟ-ში“ გადავიდა.
„ლეოსთან საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე წინასწარი შეთანხმება გვქონდა მიღწეული, თუმცა საბოლოოდ ლა ლიგამ ის არ დააკმაყოფილა.
მესისთან მისი წასვლის შემდეგ არ მისაუბრია. თუმცა, მისი მადლიერები ჩვენ სამუდამოდ ვიქნებით. მესი „ბარსას“ ნაწილი ყოველთვის იქნება.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“.